ექვთიმე თაყაიშვილი იყო დიდი საზოგადო მოღვაწე. იგი გურიაში, სოფელ ლიხაურში დაიბადა აზნაურის ოჯახში. ჯერ კიდევ სულ პატარას დაეხოცა მშობლები.
ექვთიმე ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ბავშვი იყო. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსტეტში ჩააბარა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან ექვთიმე კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.
თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლიგიისათვის. 1889 წელს დააარსა „საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდება „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ დაარსება. ეს საზოგადოება მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში და აგროვებდა ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი მოგზაურობა „სამუსულმანო საქართველოში“. ექსპედიციამ უამრავ მასალას მოუყარა თავი: ეთნოგრაფიულ და საარქივო ნივთებს, ნაქსოვ-ნაქარგებს, ხელნაწერებს. ცალკე კოლექციას შეადგენდა ქართული ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები.